English / ქართული / русский /
ანზორ აბრალავადავით ფოდიაშვილი
სამრეწველო საწარმოების ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შეფასების ეტაპები

ანოტაცია. ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შეფასება კვლავ აქტუალურ პრობ­ლემად რჩება, როგორც სამრეწველო საწარმოებისთვის, ასევე ყველა დაინ­ტერესებული მხარისთვის. საწარმოს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შეფასება დამოუკიდებლად ვერ განხორციელდება დაინტერესებული მხარეების მიერ საჭირო დროითი და ინფორმაციული რესურსების არარსებობის გამო. ამრიგად, ჩვენი კვლევის ამოცანა იყო სამრეწველო საწარმოების ეკოლოგიური პასუხისმგებ­ლობის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება, რომელიც მარტივი და ფართო სპექტრისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა და არ დასჭირდებოდა მნიშვნელოვანი დროითი ხარჯი.

საკვანძო სიტყვები: მეთოდიკა, ეკონომიკური პასუხისმგებლობა, კოეფიციენტი, ანგარიშგება, ეკოლოგიური პასუხისმგებლობა.       

შესავალი. კომპანიის ეკონომიკური აქტიურობა ეკოლოგიური პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობაა. ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შეფასების მეთოდიკის ქვეშ გვესმის, სამრეწველო საწარმოების ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მდგომარეობის შეფასების მეთოდების ერთობლიობა. შეფასების შედეგები საშუალებას აძლევს სამრეწველო საწარმოებს დაად­გინონ დადებითი და უარყოფითი მხარეები ეკოლოგიური პასუხისმგებ­ლო­ბის პრაქტიკაში, ასევე განიხილონ და დაასაბუთონ საქმიანობის მიმართუ­ლებები მისი გაუმჯობესების მიზნით. ასეთმა შეფასებამ წარმოდგენა უნდა შეგვიქმნას სამრეწველო საწარმოს, საწარმოთა ჯგუფის ან მთლიანად დარგის ეკოლოგიური პასუხის­მგებლობის დონის შესახებ, რომელიც დადასტურებულია შედეგებით, სტატისტიკური მონაცემებით, სოციალური ანგარიშებით და შემდგომი ანალიზის, პოტენციური რისკების გამოვლენის და გადაწყვეტილებების მიღების ინფორმაციულ ბაზას წარმოადგენს. 

 ძირითდი ნაწილი. ეკოლოგიური პასუხის­მგებ­ლობის შეფასების შედეგები სამრეწველო საწარმოების ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური საქმიანობის სფეროში გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს. კვლევის ჰიპოთეზა მდგომარებდა შემდეგში: მიმდინარე პერიოდში სამრეწველო საწარმოთა ეკოლოგიური პასუხისმგებ­ლობის მაღალი დონე მომავალში მათი მაღალი ეკონომიკური შედეგების უზრუნველყოფის გარანტიაა.

ჩვენ ვიღებთ ასეთ დაშვებას: ეკონომიკური განვითარება და ეკოლო­გიუ­რი პასუხისმგებლობა დაკავშირებულია და ერთმანეთზე ახდენს გავლე­ნას.

       ჰიპოთეზის სანდოობის დადგენის მიზნით, შევიმუშავეთ ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შეფასების მეთოდიკა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ეტაპებს:

ეტაპი 1: კვლევის ობიექტის განსაზღვრა. ობიექტის როლში შეიძლება გამოვიდეს როგორც ცალკეული საწარმო ან სამრეწველო საწარმოთა ჯგუფი, ასევე მთლიანად დარგი.

ეტაპი 2: ინფორმაციის წყაროს განსაზღვრა. შეფასებისათვის ინფორ­მაციის წყაროს შერჩევა პირდაპირ არის დამოკიდებული კვლევის ობიექ­ტზე. თუ კვლევის ობიექტია დარგი - ინფორმაციის ძირი­თად წყაროს წარმოადგენს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ხელმი­საწ­ვდომია სტატისტიკური ინფორმაციის ოფიციალურ საიტებზე. თუ ობიექტის როლში გამოდის კონკრეტული საწარმო ან საწარმოთა ჯგუფი, მაშინ მიზანშეწონილია გამოვიყენოთ სოციალური (არაფინანსური) ანგარიშგება, რომელიც, როგორც უკვე განვსაზღვრეთ, კორპორაციულ დონეზე სამრეწველო საწარმოების ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განხორციელების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ეტაპი 3: მაჩვენებლების განსაზღვრა, რომლებიც კვლევის ემპირიულ ბაზას წარმოადგენს. კონკრეტული სამრეწველო საწარმოს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შეფასების ფარგლებში, როგორც ჩანს, შესაძლებელია მხოლოდ სოციალურ (არაფინანსურ) ანგარიშგებაში გამოქვეყნებულ არსე­ბულ მონაცემებზე მუშაობა და მათი გაერთიანება ერთ ინდექსში. ამრიგად, საჭიროა დადგინდეს სამრეწველო საწარმოს ეკოლოგიური პასუხისმგებ­ლო­ბის მაჩვენებლები, რომლებიც გახდება კვლევის ემპირიული საფუძველი ამ მეთოდოლოგიის ფარგლებში. ჩვენი აზრით, ეკოლოგიური პასუხისმგებ­ლობის შეფასების მაჩვენებლები ძირითადია იმ საწარმოებისათვის, რომ­ლებიც აცხადებენ თავიანთი ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შესახებ და მათი გამჟღავნება არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს კონკურენ­ტული პოზიციების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის. ძირითადი პრობ­ლემა, რამაც გაართულა სამრეწველო საწარმოების შეფასება და შედარებითი ანალიზი, იყო სოციალური (არაფინანსური) ანგარიშგების დამახასიათებე­ლი განსხვავებები ინფორმაციის გამჟღავნების დონესა და ფორმატთან დაკავშირებით.

ნებისმიერი სამრეწველო საწარმოს ანგარიშგებაში და დარგის განვითარების სტატისტიკურ მონაცემებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ეკოლოგიური ასპექტი. ეს არის ყველაზე განვითარებული და აღიარებული, მოიცავს გარემო ბუნებაზე ზემოქმედების დინამიკის კვლევას: ატმოსფე­როში გამონაბოლქვი, წყლის ობიექტებში ჩამონადენი, ნარჩენები და სხვა. კორპორაციულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაცია გარემობუნებაზე წარმოების მავნე ზემოქმედების შემცირების ინიციატივის შესახებ და ასევე მოცემულია ინვესტირებული თანხების ოდენობა.

ეკოლოგიური პასუხისმგებლობის კომპონენტები კომპოზიციური მაჩვენებლის (ინდექსის) განსაზღვრის მიზნით უნდა იყვნენ საკმაოდ ინფორმატიულნი. მათ უნდა ასახონ ყველა მნიშვნე­ლოვანი მოვლენა.

 სამრეწველო საწარმოების ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ამ მეთო­დო­ლოგიის ფარგლებში წარმოდგენილია შემდეგი კომპონენტებით: გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხარჯები; ატმოსფერული ჰაერის დაცვა; ნარჩენების მართვა; წყლის რესურსების დაცვა; მიწის სამელიორაციო სამუშაოები.

ეკონომიკური განვითარება წარმოდგენილია 3 კომპონენტით: ფინან­სური, საგანმანათლებლო და საინვესტიციო.

ეტაპი 4: შებრუნებულ მაჩვენებლად გარდაქმნა. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მაღალი იქნება შემოთავაზებული მაჩვენებლების მნიშვნელობა მით უფრო დადებით ან საწინააღმდეგო -უარყოფით გავლენას მოახდენს სამრეწველო საწარმოების ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და ეკონო­მიკური განვითარების დონეზე (ცხრილი 1 და 2).